Monday, February 16, 2015

აღდგომა

ქართველი მართლმადიდებლებისთვის, აღდგომა ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი დღესასწაულია. მას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. 
სააღდგომოდ ჩვენ ყველანი წითლად ვღებავთ კვერცხებს და ერთმანეთს ვუცვლით ამ სიტყვებით: „ქრისტე აღსდგა“. ეს ჩვეულება ძალიან ძველია. არის გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი.

ალილოობა საქართველოში

ოცდაერთი საუკუნის წინათ, ზამთრის ერთ ბნელ და ცივ ღამეს იშვა მხსნელი ჩვენი და მაცხოვარი - იესო ქრისტე. ყოველი შობის ღამეს, ვარსკვლავის გამოჩენისა და ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მოციქულების წინამორბედი, ქრისტეს მახარებელი მწყემსები შორეული წარსულიდან დღემდე მთელს სამყაროს ამცნობენ იმ უდიდესი საიდუმლოს განხორციელებას, რასაც იესო ქრისტეს განკაცება ჰქვია.
მწყემსებად გამოწყობილი ჩვენი წინაპარი მამაკაცები, თუ ტყავის ჯუბებში გამოწყობილი ბავშვები, ზოგი კომბლებით, ზოგი ჩირაღდნებით ხელში, ალილოს გალობით, თითოეული თანასოფლელის კარმიდამოს მოივლიდნენ და მოუთმენლად მომლოდინე მასპინძლებს ღვთის სადიდებელს - ალილოს - ხმამაღლა უგალობდნენ: „ალილო“ წარმოებულია ბერძნული სიტყვისაგან „ალილუია“, რაც ნიშნავს „აქებდით უფალსა“. მეალილო-მგალობლები ე.წ. „ქრისტეს მახარებლები იყვნენ“. როდესაც ჩვენში მეალილოები სიმღერას დაასრულებდნენ, მასპინძელი ან შინ შეიპატიჟებდა მათ ან გარეთ გამოუტანდა კვერცხს, სურსათ-სანოვაგეს, რაც გააჩნდა, ზოგჯერ ფულსაც.

კალანდობა გურიაში

კალანდა ანუ იგივე კალანდრა, კალანდობა- სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით წლის თავს, ახალწელიწადს ნიშნავს. გურულები განსაკუთრებულად ხვდებოდნენ კალანდას. ოთახს ამშვენებდა კურკანტელას მარცვლებითა და ფოჩიანი კანფეტებით დამშვენებული ჩიჩილაკი, რომელსაც გურული კაცი თხილის ნედლი შტოდან თლიდა. ჩიჩილაკს "ქართულ ნაძვის ხესაც"უწოდებენ. ეს იყო რიტუალური საგანი, რომელსაც საახალწლოდ სპეციალურად ამზადებდნენ. ის ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. ჩიჩილაკი ახალი წლის სიმბოლოა. ქართველებს კი, ჩიჩილაკის "ავტორობაში"კონკურენტი არ გვყავს და შეიძლება ითქვას, რომ ის ევროპულ ნაძვის ხეს ღირსეულ მეტოქეობას უწევს სიძველითაც , თავისი შინაარსიტაც და რაც მთავარია - გარეგნული სილამაზითაც.

ქართული ტრადიციული ტანისამოსი

ისევე როგორც სხვა ერების წარმომადგენლები, ქართველებიც უძველესი დროიდანვე, ორიგინალურად, თავისებურად იმოსებოდნენ.
საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ სამოსელის დასამზადებლად უძველესი დროიდან იყენებდნენ სელის, კანაფისა და მატყლის ქსოვილებს. დასამაგრებლად და მოსართავად ხმარობდნენ ღილებს, ხრიკებს, ქინძისთავებს, ბალთა-აბზინდებს და ა.შ.  ქართული ტანსაცმლის ისტორიას არქეოლოგიურ მასალებთან ერთად ავსებს უცხოელ მოგზაურთა ცნობები. 

ქართული ტრადიციული ქორწილი

ქორწილი უმნიშვნელოვანესი დღეა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში.  განსხვავებულია ამ დღის აღნიშვნის წესები სხვადასხვა ერის ადამიანებში. ქართველებს კი როგორც ერთ-ერთ უძველეს ხალხს, თავისი ხასიათისა და ცხოვრების წესის შესაბამისი საქორწილო რიტუალი, წეს-ჩვეულებები შეუქმნიათ და პოეზია შეუმუშავებიათ.
ქართული საქორწინო ცერემონიალი რამდენიმე საფეხურს ითვალისწინებდა: დაკვლევა-გარიგება; დაწინდვა ანუ ნიშნობა; საპატარძლოსთან გამოთხოვება; ქორწილი და პატარძლის სამუშაოზე გაყვანა. იუმორი, სიცილი, სიმღერა, ცეკვა-თამაში საქორწინო ცერემონიის აუცილებელი ატრიბუტი გახლავთ.

ქართული ცეკვა


ქართველი კაცის უპირველეს თვისებად უცხოელები მკვეთრად გამოხატულ არტისტიზმს ანუ თეატრალურობას მიიჩნევენ. არტისტიზმში კი სამი ძირითადი კომპონენტია: მიმიკა, მეტყველება და პლასტიკა. სწორედ ეს უკანასკნელია მთავარი მახასიათებელი ქართველი კაცისა და, მით უმეტეს, ქართველი მსახიობისა. ქართული ცეკვა ათასწლეულთა სიღრმიდან მოდის. ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და წერილობითი ძეგლებით დასტურდება, რომ ქართული 
ხალხური ქორეოგრაფიის უძველესი გამოვლენა ნაყოფიერების ღვთაებისადმი მიძღვნილი სამონადირეო ცეკვა-ფერხული ყოფილა.

მუსიკა

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ქართული ხალხური მუსიკის გაცნობისას, პირველ რიგში, ადამიანს თვალში ხვდება მის სახეთა სიმდიდრე და მრავალფეროვნება. ქართული ხალხური მუსიკა შეიცავს ვოკალური და ინსტრუმენტული მუსიკის უძველეს ნიმუშებს (როგორც აღნიშნავენ, ის უაღრესად არქაულია). რუსი მუსიკათმცოდნე ვ. ბელიაევი წერდა: `საქართველოს ხალხური მუსიკალური ხელოვნების ძირითად თავისებურებას წარმოადგენს ორგინალური, ნატიფად დამუშავებული გუნდური მრავალხმიანობის არსებობა, რომელიც ასევე გამოყენებულია საეკლესიო მუსიკაში, რომლის წიაღშიც X საუკუნეში წარმოიქმნა ეროვნული მუსიკალური დამწერლობა~. ქართული მუსიკალური ფოლკლორი მდიდარია ჟანრობრივადაც. ის მოიცავს შრომითი, საყოფაცხოვრებო, საწესჩვეულებო, საქორწილო, ისტორიულ, საგმირო, სასიყვარულო, სახუმარო, საფერხულო სიმღერებს, შაირებს, მოთქმა-ტირილს. ყველა თავისი მრავალფეროვნებით ეს ჟანრი სამ ხმაში იმღერება. ჩვენამდე მოღწეული ორხმიანი სიმღერები, უპირატესად, შრომითი, საწესჩვეულებო, საფერხულო, საცეკვაო სიმღერებია.